
ლონდონი არ აპირებს, რუსეთს მედვედჩუკის ბრიტანელი ტყვეების სანაცვლოდ გათავისუფლებაში დაეხმაროს
19/04/2022 11:45:12 ევროპა
ბრიტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი „არ დაიწყებს რუსეთის დასახმარებლად გზების ძიებას“ უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის გათავისუფლებისთვის,– იუწყება Sky News.
მანამდე ბრიტანელი ტყვეები – შონ პინერი და ეიდენ ასლინი გამოჩნდნენ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში და მათი ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ითხოვეს.
მსგავსი გაცვლის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში ბრენდონ ლუისმა უპასუხა:
„ჩვენ ფაქტობრივად პუტინის რეჟიმთან დაახლოებული ადამიანების დასჯის პროცესს გავდივართ. ჩვენ არ დავიწყებთ გზების ძიებას პუტინის დასახმარებლად. ჩვენ მივისწრაფვით, დავრწმუნდეთ, რომ პუტინის რეჟიმმა ამ გულისამრევი შეჭრით მიზანს ვერ მიაღწია. ჩვენ გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის დამარცხებაში დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტს და ხელისუფლებას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრიტანელი ტყვეები ბედის ანაბარა რჩებიან, მინისტრმა უპასუხა: „ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ის უკანონოდ იმყოფებიან. ცხადია, ყველა თანაუგრძნობს იმას, ვინც მძევლადაა აყვანილი, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სათანადო პროცესებს მივყვებით და რეაგირებას შესაბამისად მოვახდენთ“.
მინისტრმა უარი თქვა, ტყვეების გათავისუფლების პროცესში ბრიტანეთის ჩართვის შესაძლებლობაზე არგუმენტით, რომ „ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.
პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკს ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან: პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. იგი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს.