სეული: "რუსული და ჩინური მოიერიშეები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოვიდნენ"
19/04/2022 10:17:35 მსოფლიო
მიმდინარე წლის მარტში რუსული და ჩინური მოიერიშეები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში (KADIZ) წინასწარი შეტყობინების გარეშე შემოვიდნენ, – იუწყება სეულის ოფიციალური წარმომადგენელი.
მისივე ცნობით, ორი რუსული თვითმფრინავი KADIZ-ში 24 მარტს, რამდენიმე საათით ადრე შეფრინდა, ვიდრე ფხენიანი აღმოსავლეთის ზღვაში კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გამოსცდიდა. ხოლო 23 მარტს KADIZ-ში ჩინეთის ავიგამანადგურებელი შევიდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
საჰაერო თავდაცვის ზონა არ არის ტერიტორიული საჰაერო სივრცე, თუმცა როგორც წესი, ასეთ ზონაში შესვლამდე უცხო ქვეყნების საჰაერო ხომალდები წინასწარ შეტყობინებას აგზავნიან, რათა თავიდან აიცილონ შემთხვევითი შეტაკებები.


