ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა
19/04/2022 08:50:56 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. სააგენტო „არმენპრეს“-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტისას ფაშინიანი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, დუმის სპიკერს და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს.
როგორც სომხეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი განიხილავენ სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამოკავშირეო ურთიერთობებს და მთიანი ყარაბაღის შესახებ სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.
რუსეთის შუამავლობით სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.
სომხეთი არ შეუერთდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს.


