გაერო: "უკრაინა წელს მარცვლეულის მოსაყვანად სასოფლო-სამეურნეო მიწების 30%-ს ვერ გამოიყენებს"
19/04/2022 08:43:11 მსოფლიო
ომის გამო წელს უკრაინა მისი სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 30%-ს ვერ გამოიყენებს ხორბლის, ქერის, მზესუმზირის და სიმინდის დასათესად. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო–ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველო ავრცელებს.
მისივე ცნობით, საომარმა მოქმედებებმა შესაძლოა, გლობალური სასურსათო კატასტროფა გამოიწვიოს, რადგან სასურსათო კრიზისის პირობებში მყოფი 55-დან 36 ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინიდან და რუსეთიდან პროდუქციის მიწოდებაზე.
გაერო–ს მონაცემებით, ომის დაწყებამდე უკრაინასა და რუსეთზე მოდიოდა მსოფლიოში წარმოებული ხორბლისა და ქერის დაახლოებით 30%, სიმინდის მეხუთედი და მზესუმზირის ზეთის ნახევარზე მეტი. უკრაინიდან და რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფრიკის და სხვა ყველაზე ნაკლებად განვითარებული 45 ქვეყანა.
გაერო–ს ცნობით, აპრილის პირველ კვირაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში სურსათი 34%-ით გაძვირდა. 14 აპრილს გაერო–ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო მსოფლიოში სიღარიბის და შიმშილის საფრთხე 1.7 მილიარდ ადამიანს ემუქრება.


