
„გვარის გამო ესროლეს“: ბუჩაში ოკუპანტებმა ალექსეი ნავალნის ნათესავი მოკლეს
19/04/2022 08:24:44 ევროპა, მსოფლიო
ბუჩას მკვიდრი ილია ნავალნი, რომელიც რუსული ჯარების მიერ ქალაქის ოკუპაციის დროს დაიღუპა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ნათესავი აღმოჩნდა,– იუწყება BBC News მათ საერთო ნათესავზე, სოფელ ზალესიეს თავკაცზე პაველ ნავალნიზე დაყრდნობით.
”დიახ, ილია იყო ალექსის ნათესავი. მათ საერთო დიდი ბაბუა ჰყავდათ”, - თქვა თავკაცმა, რომელიც, ჟურნალისტების თქმით, თავად პოლიტიკოსის ბიძაშვილია.
მანამდე გერმანული გამოცემა Bild-მა რუსი პოლიტიკოსის 61 წლის ნათესავის მკვლელობაზე გაავრცელა ინფორმაცია. ცხედარს, რომელსაც ბუჩას ეკლესიის მახლობლად მასობრივ საფლავში მიაკვლიეს, თავისა და გულმკერდის არეში ცეცლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.
„ჩვენს სახლში შევედით და ილია კიბეებზე შეგვხვდა. ვუთხარი: „არ გახვიდე გარეთ, სროლა იქნება“, მაგრამ ცოტა ხნით მაინც უნდოდა სიგარეტის მოსაწევად გასულიყო. შემდეგ გავიგე სროლების ხმა“, - იხსენებს ბუჩას მკვიდრი მარია.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მას გვარის გამო ესროლეს: მეზობლებმა როდესაც მისი ცხედარი იპოვეს, ნახეს, რომ პასპორტი ცხედარის სიახლოვეს ეგდო.