
„პუტინის არმიას დიდ ზარალს მიაყენებს“: ბრიტანეთი უკრაინას Stormer–ს უგზავნის
19/04/2022 07:57:18 ევროპა
ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას Stormer HVM–ს გაუგზავნის,– იუწყება The Sun თავდაცვის სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა სოლსბერში უკრაინელი კოლეგებისთვის გამართულ გამოფენაზე Stormer–ის დემონსტრირება მოახდინა.
როგორც განიმარტა, BAE Systems-ის მიერ წარმოებული Stormer–ის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ადამიანი (მეთაური, მძღოლი და მსროლელი) და რაკეტები Starstreak. ამ რაკეტებს შეუძლიათ, ჩამოაგდონ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ექსპერტები მათ უწოდებენ "საუკეთესო კომპლექტს" მათ შორის, რაც ოდესმე გაუგზავნიათ დასავლეთის ქვეყნებს უკრანისთვის.
13–ტონიანი მაღალტექნოლოგიური გამშვები მოწყობილობების ჩატვირთვა და უკრაინაში გაგზავნა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.
"ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ უკრაინას თავისი საზენიტო შესაძლებლობებით დაეხმარება და ეს საიდუმლო არ არის. თავდაცვის მინისტრი ამ კვირაში გააკეთებს განცხადებას პარლამენტში", - უთხრა გამოცემას წყარომ.
ავღანეთში ბრიტანული ძალების ყოფილი მეთაური რიჩარდ კემპი ამბობს, რომ Stormer/ Starstreak–ის კომბინაცია დიდ ზარალს მიაყენებს პუტინის არმიას და გააძლიერებს უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს:
„ეს არის უკიდურესად ეფექტური, მაღალმობილური საბრძოლო მანქანა, რომელიც სერიოზულად დააზიანებს პუტინის საჰაერო ძალების ნებისმიერ მცდელობას, დაბალი სიმაღლიდან განახორციელონ დარტყმა“.
როგორც განიმარტა, Stormer კარგად მოძრაობს უკრაინის სველ ნიადაგზეც კი.