
ომის 55–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
19/04/2022 07:26:27 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი 20 000-ს გადასცდა,- იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 20 800ადამიანი,
- ტანკები - 802,
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 063,
- საარტილერიო სისტემები - 386,
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 132,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 67,
- თვითმფრინავი - 169,
- ვერტმფრენები - 150,
- გემები / ნავები - 8,
- საწვავის ავზები - 76,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 158,
- სპეციალური აღჭურვილობა - 27.
როგორც გენერალური შტაბი აღნიშნავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.
უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შავი ზღვის ოპერაციის ზონაში რუსეთის სამხედრო გემები უკრაინის სანაპიროს თითქმის 200 კილომეტრით მოშორდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც სარდლობა აცხადებს, ზღვიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე შენარჩუნებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 19 აპრილს, დილით განაცხადა, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადის დანაკარგი დაახლოებით 75%-ია, ხოლო საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადიდან მოკლულია 158 და დაჭრილია 500-მდე სამხედრო. ეს ბრიგადები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან.
უკრაინის გენშტაბი ირწმუნება, რომ ამ ბრიგადების სამხედროთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი თქვა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობის გაგრძელებაზე. ეს ცნობები სხვა წყაროებით გადამოწებული ჯერჯერობით არ არის.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევის გაგრძელებას აღმოსავლეთ ზონაში, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გასახსნელად. ამ ოპერაციისთვის რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში განათავსა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო საშუალებები და განაგრძობს რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უკრაინაში შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის და დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლას.
გენშტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევისა და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებისკენ. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო საათებში, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მოგერიებულია 7 შეტევა.
უწყების ცნობით, რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო-საავიაციო დარტყმებსაც.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტყმები გააქტიურდა უკრაინის დასავლეთ ოლქებში.