"ბუჩა–ირპენის კადრები და კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება ჩრდილს აყენებს თურქეთის სამშვიდობო ძალისხმევას"
19/04/2022 06:53:34 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა კვლავ განაგრძობს ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასადგურებისთვის.
"რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ბუჩა–ირპენის კადრები და კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება ჩრდილს აყენებს თურქეთის სამშვიდობო ძალისხმევას", – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება "ყველაზე სასიხარულო ქმედება" იქნება.
"მთელი გულით მჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შეიძლება, მოიძებნოს დიალოგის გზით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ისეთი შედეგის მისაღწევად, რომელიც ორივე მხარისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.
თურქეთში რუსეთ–უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, ბოლო ასეთი შეხვედრა მარტში ჩატარდა.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


