უკრაინის პრეზიდენტი:"რუსეთის არმია ომის მეორე ეტაპს იწყებს"
19/04/2022 04:48:26 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, "ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული"
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის არმიის მესვეურები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, ახალი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთით, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.
უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა "შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე", და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო "აქტიური ფაზა". მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
შეტევის შესახებ იუწყება სერგეი ჰაიდაიც, ლუგანსკის გუბერნატორი.
"ცოტა ხნის წინ დავკარგეთ კონტროლი ქალაქ კრემინაზე. ბრძოლა ქუჩებში მიმდინარეობს... ვითარება ყოველ საათში უარესდება" - ამბობს ის და დასძენს, რომ მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა აღარ არსებობს.


