რატომ გრძელდება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების ვიზიტები ევროპულ პორტებში სანქციების მიუხედავად
18/04/2022 12:52:28 მსოფლიო
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ევროპულ პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების ვიზიტები კვლავ გრძელდება.
უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების თანახმად, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ბელგიის, ბულგარეთისა და იტალიის პორტებში შესვლა აკრძალული აქვთ, მაგრამ არსებობს მრავალი გამონაკლისი.
კერძოდ, ევროკავშირის სანქციების რიგით მე–5 პაკეტი მოიცავს პორტებში ვიზიტების აკრძალვას, თუმცა ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გამონაკლისები ვრცელდება, მათ შორის სამედიცინო, საკვებ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ მიზნებზე". შესაბამისად, რუსულ გემებს ამ დრომდე შეუფეხებლად შეუძლიათ ევროკავშირს მიაწოდონ ნავთობი, გაზი, ნავთობპროდუქტები, სხვადასხვა ლითონები, ხორბალი და სხვა მარცვლეული, სასუქი, ფარმაცევტული საშუალებები და ბირთვული საწვავი სამოქალაქო ატომური ენერგიისთვის.
ამასთან, რუსული გემები დაიშვებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებში საგანგებო შემთხვევებში, როგორიცაა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები.
ბელგიურმა მაუწყებელმა RTBF-მა განაცხადა, რომ კვირას ბელგიის პორტებისკენ მიმავალი ათეული რუსული ხომალდიდან მხოლოდ სამს აეკრძალა პორტებში შესვლა.
რუსეთი აგრძელებს დიდი რაოდენობით ენერგიის ექსპორტს ევროკავშირში ყოველდღიურად, გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები მასზე დიდად არიან დამოკიდებული. უკრაინა და მისი მრავალი მხარდამჭერი ევროპაში გმობენ ევროკავშირის მიერ რუსული ენერგეტიკის სანქციების ქვეშ არმოქცევას.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვს სანქციები აშშ–მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დაუწესეს. უკრაინა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ამ დრომდე ითხოვს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზეელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ევროპას, "შეწყვიტოს რუსული საომარი მანქანის დაფინანსება".
6 მარტს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა 1 მლრდ ევროს უხდის ყოველ დღე რუსეთს ენერგორესურსებში.


