პარიზის პასუხი ზელენსკის: "მაკრონის უახლოეს გეგმებში უკრაინაში ვიზიტი არ ფიგურირებს"
18/04/2022 07:04:25 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უახლოეს გეგმებში უკრაინაში ვიზიტი არ ფიგურირებს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა განაცხადა.
"უახლოეს დღეებში უკრაინაში მაკრონის ვიზიტი არ იგეგმება. იგი შეიძლება, მოგვიანებით გაემგზავროს იქ, მაგრამ ეს ვიზიტი უკრაინისთვის სასარგებლო უნდა იყოს", - განაცხადა ბონმა და დასძინა, რომ საფრანგეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლნებეს გენოციდად არ მიიჩნევს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია.
"მგონია, რომ მას [მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთი დიალოგში შემოვიდეს. მე იგი უკრაინაში მოვიწვიე. მსურს, მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს გენოციდია", - განაცხადა ზელენსკიმ.
12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "გენოციდი" უწოდა. მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერმინ "გენოციდის" წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა.


