ზელენსკის ადმინისტრაცია: "უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის შევსება დაასრულა"
18/04/2022 05:53:58 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარის შევსება დაასრულა.
როგორც ჟოვკვამ აღნიშნა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეასრულა 8 არილს ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიცემული პირობა, რომ უკრაინა კითხვარს ერთ კვირაში შეავსებდა.
"შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პირობა შესრულებულია, გავიდა ერთი კვირა და კითხვარი უკრაინული მხარის მიერ არის შევსებული. ახლა ბურთი ევროკომისიის მოედანზე იქნება, ის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. ჩვენ ველით, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ევროკომისიას მივაწოდეთ, რეკომენდაცია იქნება დადებითი და ამის შემდეგ ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზე გადავა", - აღნიშნა მან.
ჟოვკვას თქმით, უკრაინა ელის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ევროპული საბჭოს ივნისის სხდომაზე მიიღებს.
"ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. როცა ასეთ მოლაპარაკებებს ჩავატარებთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე", - დასძინა მან.
ცნობისთვის: 3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერახელი. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს, მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით წარადგინა განაცხადი. 3 მარტს იგივე გააკეთა მოლდოვამაც.
11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
ამ დოკუმენტის შევსება აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთთვიანი ვადა აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ევროკაშირის საბჭოს ივნისისთვის დაგეგმილ სხდომაზეა მოსალოდნელი.
იხილეთ ასევე: რა კითხვები აქვს ევროკომისიას საქართველოს დემოკრატიის/კანონის უზენაესობის, პარლამენტისა და მთავრობის თაობაზე


