ალყაშემორტყმულმა უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს
18/04/2022 05:36:59 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც მარიუპოლში რუსული ჯარის მიერ არიან გარშემორტყმულები, უარი განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაზე, იარაღი დაეყარათ და ოკუპანტებს ჩაჰბარდებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქი ჯერ არ დაცემულა და უკრაინელი მებრძოლები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ზოგიერთ ნაწილს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში მოწყობილ სამალავს აფარებენ თავს.
"რია ნოვოსტიმ" გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის არმიის საფორტიფიკაციო ნაგებობებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, უკრაინის გმირი ვოლოდიმირ ბარანიუკი. კიევს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან" მარიუპოლზე მარტის დასაწყისში მიიტანეს იერიში. ამ დღიდან მიმდინარეობს ქალაქის "წმენდა", რომელშიც, სხვადასხვა შეფასებით, ერთნახევრიდან სამ ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად "აზოვის" ბატალიონისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის წარმომადგენლები არიან მოყოლილები. ბრიგადის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ტყვედ ჩაბარდა.
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მარიუპოლში რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებების შედეგად შენობების 90%-ზე მეტი განადგურდა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ აშკარაა, რომ საუბარია ათასობით ადამიანზე.


