რუსეთის ულტიმატუმი მარიუპოლის მცველებს - ჩაგვბარდით 13:00 საათამდე
17/04/2022 08:35:05 მსოფლიო
რუსეთი მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმს უყენებს და მოუწოდებს 13:00 საათამდე ჩაბარდნენ.
როგორც CNN წერს რუსეთმა მოითხოვა უკრაინულმა ძალებმა, რომლებიც კვლავ იბრძვიან ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის დასაცავად, იარაღი დაყარონ.
"აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 17 აპრილის 06:00 საათიდან (მოსკოვის დროით) სთავაზობს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარეს იარაღი", — ციტირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Reuters.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 16 აპრილს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა გაასუფთავეს მარიუპოლის ურბანული ტერიტორია და უკრაინული მებრძოლების მხოლოდ მცირე კონტინგენტი დარჩა მარიუპოლში. გამოცემა ასევე წერს, რომ ამ დრომდე უკრაინას არ გაუკეთებია განცხადება რუსეთის ულტიმატუმზე.
16 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინელ სამხედროებს გაანადგურებს, ეს ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.
რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.
მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.
უკრაინა მათი სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.
.


