
რუმინეთი საბჭოთა მიგ-21–ების გამოყენებას წყვეტს
15/04/2022 11:37:48 ევროპა
რუმინეთმა საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავების მიგ–21 LanceR-ის გამოყენება შეაჩერა მათი „ავარიულობის დონის გათვალისწინებით“ და დააჩქარებს ნორვეგიიდან მეორადი საბრძოლო თვითმფრინავების F-16 შეძენის პროცესს,– იუწყება Reuters.
როგორც აღინიშნა, ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ უკავშირდება.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუმინეთი გააგრძელებს პორტუგალიიდან შეძენილი მცირე ოდენობის F-16–ების გამოყენებას. ხოლო მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ ქვეყანაში განლაგებული თვითმფრინავები, როგორც ნატოს ძალისხმევის ნაწილი, გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი, განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რუმინეთმა პირველი F-16-ები პორტუგალიისგან 2016 წელს შეისყიდა და დაიწყო საბჭოთა წარმოების მიგ–ების ეტაპობრივად ჩანაცვლების პროცესი. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს ნორვეგიიდან დამატებით 32 F-16-ის შეძენის პროცესს.
„სამი ესკადრილიისგან შემდგარი თვითმფრინავების ხელმისაწვდომი რესურსები უზრუნველყოფს მათ ოპერირებას მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და შექმნის საჰაერო პოტენციალს მეხუთე თაობის F-35 თვითმფრინავებზე გადასვლისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.
ბოლო ავარია რუმინეთში მიგ-21-ის მონაწილებით მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საპატრულო თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა. ავარიას ასევე ემსხვერპლა სამძებრო-სამაშველო შვეულმფრენის შვიდი ჯარისკაცი, რომლებიც თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნეს.
რუმინეთი, რომელიც 2004 წლიდან ნატოს წევრია, გეგმავს მომავალ წელს გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-მდე 2%-დან.
ამჟამად ქვეყანაში ნატოს 3000-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება.