სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა დაიწყო
15/04/2022 08:40:06 მსოფლიო
სომხეთმა რუსული გაზის შეძენა რუბლით დაიწყო. ამის შესახებ კომენტარი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა გააკეთა.
"რამდენადაც მე ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით", - განაცხადა მინისტრმა
მისი თქმით, გაზის რუბლში ყიდვა სომხეთისთვის დადებითი მოვლენაა.
"თუ ფასს რუბლებში დავაფიქსირებთ, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რადგან ახლა გვაქვს პრობლემა, როდესაც ჩვენი ექსპორტიორები, რომლებსაც არ აქვთ ნდობა რუბლის მომავალ კურსზე, ძალიან ერიდებიან თავიანთი ექსპორტზე რუსულ რუბლში ფასის დაწესებას. თუ ჩვენ გვექნება გაზის ფიქსირებული ფასი რუბლებში, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს ექსპორტიორებს მივცეთ ფიქსირებული სამომავლო რუბლის კურსი უკუგარიგების გზით", - განაცხადა მინისტრმა.
"გაზპრომის" წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ ერევანთან დადებული კონტრაქტი "უკვე რამდენიმე წელია, იძლევა საშუალებას გადაიხადოს გაზის საფასური რუბლში".
ხელშეკრულების თანახმად, სომხეთი გაზს ათას კუბურ მეტრზე 165 დოლარად იღებს. "გაზპრომი" სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია.
მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუსულ რუბლში მიყიდიან, თუმცა სომხეთი ასეთი ქვეყნების "სიაში" არაა.
რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.


