კრემლის პრესმდივანს ემუქრებიან – „მედუზა“
15/04/2022 06:12:55 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მუქარის ზარები მიიღო ომის თაობაზე არასაკმარისად პატრიოტული გამონათქვამების გამო,- ამის შესახებ გამოცემა "მედუზა" წერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, მუქარა განხორციელდა მას შემდეგ, რაც პესკოვი გააკრიტიკეს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და მმართველი პარტია "ედინაია როსიას" გენერალურმა მდივანმა ანატოლი ტურჩაკმა, რომლებიც უკრაინასთან ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს.
კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ არ თვლის მოღალატეებად მათ, რომლებმაც ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ დატოვეს. ამას მოჰყვა კადიროვის კრიტიკა. ხოლო ტურჩაკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც პესკოვმა აღიარა რუსეთის "მნიშვნელოვანი დანაკარგები" უკრაინასთან ომში და დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა კიევთან მოლაპარაკების კუთხით.
როგორც "მედუზას" წყაროები ირწმუნებიან, პესკოვის წინააღმდეგ კრიტიკა არ არის კოორდინირებული, მაგრამ პუტინი მას არც კრძალავს. ანონიმური წყაროები ასევე დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი "ვერ გაბედავს" მისი პრესმდივნის საჯაროდ დაცვას, რადგან უკრაინასთან მოლაპარაკების საკითხმა შესაძლოა, პუტინის რეიტინგს მიაყენოს დარტყმა.


