ემბარგოს გვერდის ავლის წყარო დაილუქა: ევროპის რიგი ქვეყნები რუსეთს იარაღს გასული კვირის ჩათვლით აწვდიდნენ
14/04/2022 13:43:43 მსოფლიო
ევროკავშირმა გადაკეტა წყარო, რომლის საშუალებითაც, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი ემბარგოს მიუხედავად, რუსეთს მილიონობით ევროს ღირებულების იარაღს 2014 წლიდან აწვდიდნენ, - იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, 2014 წლის ივლისში ევროკავშირმა მოსკოვში იარაღის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ 2014 წლის აგვისტომდე გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით გაყიდვები კვლავ გაგრძელდა.
"ევროკომისიის ბოლო მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს 39 მილიონი ევროს (42,3 მილიონი დოლარი) ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა მიჰყიდეს, რაც 50%-ით მეტია 2020 წელს განხორციელებულ გაყიდვებზე. უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც თავდაცვის მსხვილი ინდუსტრია აქვთ, მაგალითად, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია", – იუწყება Reuters.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ მწვავედ გააკრიტიკა ხსენებული მიყიდვების საკითხი.
"მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო, რომელიც მათ შორის, რუსეთში თავდაცვის ინდუსტრიისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნოლოგიების ექსპორტს კრძალავს. თუმცა გასულ კვირამდე, კერძოდ, რიგით მე–5 სასანქციო პაკეტის დამტკიცებამდე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა ვერ შეძლეს შეთანხმება იარაღის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით", – აღნიშნავს Reuters ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, სარგებლობს თუ არა იარაღის მიყიდვაზე აკრძალვა ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ აკრძალვის გადაწყვეტილების მისაღებად განსაკუთრებული აქტიურიბით პოლონეთი და ლიეტუვა გამოირჩეოდნენ.


