Accentnews.ge
"მცირემიწიანი ფერმერისთვის სესხი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს"

"მცირემიწიანი ფერმერისთვის სესხი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს"

14/04/2022 12:24:19 პოლიტიკა, ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, "მცირემიწიანი ფერმერისთვის სესხი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ სამინისტრო არსებული საკითხების გამოსწორებისთვის აქტიურად მუშაობს.

"ჩვენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და, უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც და ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 142 000 000 დოლარი, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტია (21%-იანი ზრდა) წინა წელთან შედარებით. მზარდი ტენდენცია აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით შენარჩუნებულია 2022 წელსაც, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 5%-იანი ზრდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო. იმავე პერიოდში ევროკავშირში აგროსასურსათო ექსპორტში გვაქვს დაახლოებით 80%-იანი ზრდა (2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი).

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. 2021 წელს ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 99 ქვეყანაში. 2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6.0 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 7.3 მლრდ ლარი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S