„შოიგუ რეანიმაციაშია, 20 გენერალი დააკავეს“ - რუსი ბიზნესმენი
14/04/2022 10:59:04 მსოფლიო
„იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელი, ისრაელში მცხოვრები ბიზნესმენი ლეონიდ ნევზლინი, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, თუმცა ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვის ბიზნესსა და პოლიტიკურ წრეებთან, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე ინფორმაციას ავრცელებს.
„შოიგუ „თამაშიდან“ გამოვარდა. თუ გადარჩა, შესაძლოა, ინვალიდი დარჩეს. მას უცებ დაემართა მასიური ინფარქტი და რეანიმაციაშია. დადის ხმები, რომ ინფარქტი შესაძლოა, ბუნებრივი მიზეზებით არ განვითარებულიყო.
მეორე – თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი დააკავეს. აქ ყველაფერი ნათელია - თანხების გაფლანგვა. 2014 წლიდან მოპარულია ბლიცკრიგის მოსამზადებლად გამოყოფილი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი“,– ამბობს ბიზნესმენი.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მან შეიტყო, რომ რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდება და მისგან კოლეგებისა და მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ელიან. ხოლო პუტინის მრჩეველს ვლადიმირ სურკოვს, ნევზლინის თქმით, შინაპატიმრობა განუსაზღვრეს:
„იგი ეჭვმიტანილია ომის სამზადისისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში. ამავე საქმეზე დააკავეს 20 გენერალი“.
რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


