
"პუტინმა თქვა, რომ თუ 10 მაისამდე ვერაფერს გავაკეთებთ, ყველაფერი მიწასთან უნდა გასწორდეს“ – უკრაინის დაზვერვა მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს
14/04/2022 10:17:33 ევროპა
უკრაინის დაზვერვა მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც შესალოა, სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, რუსი სამხედრო მეუღლეს უამბობს არსებული ვითარების შესახებ და ეუბნება იმასაც, რომ თუკი 10 მაისამდე წარმატებას ვერ მიაღწევენ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებაა, ყველაფერი მიწასთან გაასწორონ.
"პუტინმა თქვა, რომ თუ 10 მაისამდე ვერაფერს გავაკეთებთ, ყველაფერი მიწასთან უნდა გასწორდეს. აქ ამბობენ, რომ არის ასეთი ბრძანება. რუბეჟნოეს გათავისუფლებას ვცდილობთ, ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს მიწასთან ვასწორებთ, მაგრამ ჩვენები წინ ვერ მიდიან, მათ კლავენ ყოველდღე. მოკლედ, ვერაფერს ვაკეთებთ. დავბრუნდები თუ ვერ დავბრუნდები, არ ვიცი", - ამბობს სამხედრო.
უკრაინის დაზვერვის შეფასებით, ეს აუდიოჩანაწერიც არის დასტური იმისა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყანას და მშვიდობიან მოსახლეობას უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის – პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით.