Accentnews.ge
რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სატატუსის მისანიჭებლად

რა სჭირდება საქართველოს კანდიდატის სატატუსის მისანიჭებლად

14/04/2022 08:00:05 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ორგანიზაციის ღირებულებების დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სავალდებულო ღირებულებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.

"თითოეულ ევროპულ ქვეყანას შეუძლია, წარადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და ევროკომისია მას საკუთარი დამსახურების მიხედვით შეაფასებს. აღნიშნულის შემდეგ საბჭოზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს პროცესი ევროპის კავშირის ხელშეკრულების [TEU] 49-ე მუხლშია გაწერილი. აღნიშნული მუხლი მოითხოვს, რომ ევროპულმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს, გახდეს კავშირის წევრი, უნდა დაიცვას კავშირის ღირებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია TEU-ის მე-2 მუხლში, რომელშიც საუბარია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე", – განუცხადა "აქცენტს" კუბილიუსმა.

როგორც "აქცენტს" "ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის" (Greens/EFA) წევრმა, მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მომუშავე ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა, "ბოლო თვეებში რეფორმებში პროგრესი გაჭიანურდა და ფაქტობრივად, არ შეიძლება, არსებობდეს უფრო ძლიერი სტიმული, ვიდრე კანდიდატის სატატუსის მინიჭება იქნება".

"ჩვენ უკვე წლებია, როგორც საქართველოს წარმომადგენლებთან, ისე ევროპარლამენტში ვმსჯელობთ ახალი სტიმულირების აუცილებლობაზე, რათა საქართველომ იგრძნოს მოტივაცია, მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში. სწორედ ამიტომ იყო თავდაპირველად შემუშავებული ტრიოს სტრატეგია, თუმცა მე პირადად ვფიქრობდი, რომ ის ძალიან ყოფდა რეგიონს. ეჭვგარეშეა, რომ ეს პროგრესი [რეფორმებში] ბოლო თვეებში გაჭიანურდა და ფაქტობრივად, არ შეიძლება, არსებობდეს უფრო ძლიერი სტიმული, ვიდრე კანდიდატის სტატუსია. ამიტომ მოუთმენლად ველი კითხვარზე პასუხებს და ზოგადად - პროგრესს. დამწუხრებული ვარ იმ ფაქტის გამო, რომ ბოლო თვეებში იყო უკანდახევა და სხვადასხვა აქტორებს შორის უთანხმოება. სულ მცირე, რასაც ეს [კითხვარზე პასუხები] გააკეთებს, იქნება ნათლად ჩვენება, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და ეს არის ღირებული ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ უკვე შეგვიძლია, დავაშენოთ", – განაცხადა გრეგოროვამ.

3 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა გააკეთა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

11 აპრილს ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.

დოკუმენტი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზეა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S