
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერი "Москва" სავარაუდოდ, ჩაიძირა
13/04/2022 21:05:30 ევროპა
უკრაინულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა „ნეპტუნი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი "Москва" დააზიანეს,– იუწყება უკრაინული УП საკუთარ წყაროებზე და ოდესის ოლქის ხელმძღვანელზე მაქსიმ მარჩენკოზე დაყრდნობით.
„დადასტურდა, რომ სარაკეტო კრეისერი "Москва" დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც ჩვენმა მესაზღვრეებმა გაგზავნეს კუნძულ ზმეინიდან.
შავი ზღვის მცველი „ნეპტუნის“ რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ ინფორმაცია დაზვერვის სამსახურში დაუდასტურეს. ამასთან, აცნობეს, რომ "Москва"–ს დასახმარებლად ოთხი ტექნიკური ხომალდი მივიდა, თუმცა ამ დროისთვის შავ ზღვაში შტორმია:
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "Москва" რადარიდან გაქრა. იმ უბანში ასევე იმყოფებიან მტრის სხვა გემებიც. როგორც ჩანს, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ეს მოხდა კუნძულ ზმეინიდან 20 საზღვაო მილის დაშორებით“.
ინფორმაცია ირიბად დაადასტურა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა, რომელმაც თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ კრეისერი "Москва" "ცნობილი კურსით“ გაემგზავრა.
ცნობისთვის: კრესერი "Москва"–ც იყო ჩართული კუნძულ ზმეინზე განვითარებულ მოვლენებში, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინელ სამხედროებს დანებება ურჩიეს, მათ კი უპასუხეს "русский военный корабль, иди нах..й!". მას შემდეგ ეს ფრაზა საყოველთაოდ გახდა ცნობილი და პროტესტის, არდანებების სიმბოლოდ იქცა.