
ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა
13/04/2022 19:37:01 ევროპა
ლა-მანშის სრუტეში მდებარე კუნძულ ჯერსის სასამართლომ გაყინა 7 მილიარდი დოლარის აქტივები, რომლებიც რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან არის დაკავშირებული,– იუწყება Bloomberg.
ჯერსი დედოფალ ელისაბედ II-ის სამფლობელოა. კუნძული არ შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში, მაგრამ ასრულებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ფინანსურ სანქციებს.
დიდმა ბრიტანეთმა აბრამოვიჩი მარტის დასაწყისში შეიყვანა სანქციების სიაში. ლონდონი მას ბრალს სდებს უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობასა და რუსეთის მთავრობასთან სიახლოვით მოგებაში.
ჯერსი მსხვილი ოფშორია, კუნძულზე არ არის კორპორაციული გადასახადი, კაპიტალისა და ქონების მოგების გადასახადი, მრავალი შეძლებული ბიზნესმენი მას საკუთარი აქტივების რეგისტრაციისთვის იყენებს. აბრამოვიჩს დიდი ხნის კავშირები აქვს კუნძულთან, აღნიშნავს Bloomberg-ი, მაგრამ ჯერსიში მისი ქონების თაობაზე გამოძიება ადასტურებს, რომ რუსეთის ბიზნესმენების ოფშორულ ქონებაზე ზეწოლა გაიზრდება.