
ლე პენს სურს, საფრანგეთს ნატო-ს სარდლობა დაატოვებინოს
13/04/2022 16:11:48 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატს მარინ ლე პენს სურს, რომ საფრანგეთმა დატოვოს ნატოს გაერთიანებული სარდლობა არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა არ აპირებს, უარი თქვას ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოყენებაზე, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს,– ამის შესახებ ლე პენმა, Le Monde–ს ცნობით, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ მე ამირჩევენ, მსურს ყველა გაუგებრობის გარკვევა. მინდა, შევუერთდე პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვქონდა 1966 წლიდან 2009 წლამდე, რაც არანაირად არ ნიშნავს მოსკოვისადმი დამორჩილებას", - განაცხადა ლე პენმა.
მან აღნიშნა, რომ ის არ დააყენებს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს სარდლობის ქვეშ, „რომელიც არ ექვემდებარება საფრანგეთის ეროვნულ სუვერენიტეტს - არც ნატოს გაერთიანებული და არც მომავალი ევროპული სარდლობის ქვეშ“:
„ამიტომ, მე შევთავაზებ გამოსვლას არა ნატოდან, არამედ მისი გაერთიანებული სარდლობიდან, როგორც ეს იყო 1966 წლიდან 2009 წლამდე“.
გარდა ამისა, ლე პენმა გამოთქვა რუსეთისა და ნატოს სტრატეგიული დაახლოების სურვილი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ:
„როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ის სამშვიდობო ხელშეკრულებით დარეგულირდება, მე მხარს დავუჭერ ნატო-რუსეთის სტრატეგიული დაახლოების განხორციელებას“.
ლე პენის ღონისძიებაზე ინციდენტიც მოხდა: პრესკონფერენციის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა გულის ფორმის პლაკატი გაშალა ვლადიმირ პუტინისა და მარინ ლე პენის გამოსახულებებით.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ქალი დარბაზიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძალით გაიყვანეს. ამის შემდეგ, დარბაზი კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. თავად მარინ ლე პენმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდა.
საფრანგეთი 1966 წელს მაშინდელი პრეზიდენტის შარლ დე გოლის გადაწყვეტილებით გამოვიდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სარდლობისგან. ამით მას სამხედრო საკითხებში აშშ-სგან დამოუკიდებლობის დემონსტრირება სურდა.