
ეუთო-ს მისიამ უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებები მოიპოვა
13/04/2022 15:26:28 ევროპა
ეუთოს მისიამ უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში ომის დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვა და მათზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
მასში ნათქვამია, რომ მისიას არ შეუძლია, შეაფასოს, არის თუ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდანვე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, თუმცა, საერთაშორისო სამართლის ნორმები არაერთხელ დაირღვა.
"მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობები, მათ შორის – ჟურნალისტების და ადგილობრივი ჩინოვნიკების, სულ მცირე, პასუხობს ამ კრიტერიუმს. ნებისმიერი მსგავსი ძალადობრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ამ შეჭრის პირობებში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
აღრიცხულია დარღვევები როგორც რუსების, ისე უკრაინელების მხრიდან, თუმცა, რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები გაცილებით სერიოზული და მასშტაბურია თავისი ბუნებით". - ნათქვამია ანგარიშში.
ეუთომ მათ შორის შეისწავლა მარიუპოლის თეატრის და სამშობიარო სახლის დაბომბვის შემთხვევები და როგორც აღინიშნა, მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა წინასწარგანზრახული იყო, ამასთან, არ ყოფილა არავითარი გაფრთხილება ან დრო ევაკუაციისთვის:
"შესაბამისად, ეს თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უფლებების აშკარა დარღვევაა. მასზე პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული".
რაც შეეხება თეატრის დაბომბვას, სადაც თავს ასობით მარიუპოლელი აფარებდა და რომლის წინაც დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები":
"რუსეთი ირწმუნება, რომ ეს აფეთქება აზოვის ბატალიონმა მოაწყო. ეუთოს მისიამ ვერ იპოვა ამის ვერანაირი მტკიცებულება. ეს ინციდენტი, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და ამის ბრძანების გამცემმა და შემსრულებელმა პირებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული".