Accentnews.ge
კრემლში პუტინის ნათლიმამის ბედით დაინტერესდნენ

კრემლში პუტინის ნათლიმამის ბედით დაინტერესდნენ

13/04/2022 13:42:48 ევროპა, მსოფლიო

კრემლში განაცხადეს, რომ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და არ იციან, სურს თუ არა მას რუსეთის ჩართულობა მისი ბედის გადაწყვეტაში.

„რაც შეეხება გაცვლას, რომელზედაც კიევში ასე სიამოვნებით საუბრობენ სხვადასხვა ფიგურები: მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან, ის გახლავთ უცხო ქვეყნის პოლიტიკური ფიგურა.

ჩვენ საერთოდ არ ვიცით, სურს თუ არა მას რუსეთის მონაწილეობა მის წინააღმდეგ შექმნილი ამ ცილისმწამებლური სიტუაციის მოგვარებაში“,– ციტირებს კრემლის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვს რუსული მედია .

ამავდროულად, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი „უდავოდ მიადევნებს თვალს მედვედჩუკის ბედს“ და იგივესკენ მოუწოდებს ევროპელ პოლიტიკოსებს, „რომლებიც ასე ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებაზე“.

კრემლმა მადლობა გადაუხადა მედვედჩუკს „ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის“:

"ის ყოველთვის მშვიდობის მხარეს და ომის წინააღმდეგი იყო. მიიღო რთული გადაწყვეტილება უკრაინაში დარჩენის და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „მათი ბიჭის“ – უკრაინის პარლამენტის წევრის, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა.

ზელენსკის ცნობით, ის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროდ შენიღბული ცდილობდა საზღვარგარეთ გაქცევას.

მან განსაკუთრებით ცინიკური უწოდა იმ ფაქტს, რომ მედვედჩუკმა გასაქცევად გამოიყენა „სამხედრო კამუფლაჟი“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რადგან მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, საომარი მდგომარეობის წესების ქვეშ მოექცევა.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია. გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ "დიდი რაოდენობით ფეიკების" გამო, მედვედჩუკის ფოტო შესამოწმებელია.

უკრაინის გენერალური პროკურატურა პრორუსული ორიენტაციის მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა 24-საათიანი შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S