
"რუსეთის აგრესიას 20 ჟურნალისტი ემსხვერპლა" - უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი
13/04/2022 12:44:06 ევროპა
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მედიის 20 წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან.
უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, ვერ უკავშირდებიან კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს და არ ფლობენ ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, რომელიც 23 მარტისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, უკრაინაში7 ჟურნალისტია დაღუპული.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დაღუპულია 191 ბავშვი და დაჭრილია 349-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი - 113 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.