
ხარკოვის თავზე ორი რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
13/04/2022 12:31:13 ევროპა
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის თავზე ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან.
"დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილურმა ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 2 რუსული თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხნენ ხარკოვის რეგიონის დასახლებებს. გვჯერა უკრაინის ჩვენი შეიარაღებული ძალების, რომლებიც 24–საათიან რეჟიმში იცავენ ხარკოვის რეგიონს",– განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაშიც. სავარაუდოდ, საუბარია სუ-34–ზე ან სუ-30–ზე.
რუსეთი აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაბომბვის შედეგად, ხარკოვის ოლქში სულ მცირე 7 ადამიანია დაღუპული, 22 კი დაჭრილი. დაღუპულთა შორის არის 2 წლის ბიჭი, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს