არესტოვიჩი: "მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა ალყა გაარღვიეს და „აზოვს“ შეუერთდნენ"
13/04/2022 09:38:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყა გაარღვიეს და „აზოვის“ ბატალიონს შეუერთდნენ.
მისი თქმით, ეს „რთული და ძალიან სარისკო მანევრის“ შედეგი იყო.
იგი ამ ოპერაციის სამ შედეგს ასახელებს: „აზოვი არსებითად გაძლიერდა; 36-ე ბრიგადამ თავიდან აიცილა განადგურება და მიიღო დამატებითი შესაძლებლობები. ფაქტობრივად, მეორე შანსი გაუჩნდა. ქალაქის მცველებმა, გაერთიანებულებმა, სერიოზულად გააძლიერეს თავდაცვის არეალი“.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია, ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.


