ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს
13/04/2022 08:01:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.
"განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია მისი მხრიდან სამხედრო კამუფლაჟის გამოყენება. ასე შენიღბვას ცდილობდა. აი, ასეთი "მებრძოლია". ასეთი პატრიოტი. მედვედჩუკმა თვითონ აირჩია სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება საომარი დროის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას ამ თქვენი ბიჭის გაცვლას რუსულ ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკს ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან: პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.
19 თებერვალს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მედვედჩუკისა და მისი ცოლის ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა. მანამდე, ზელენსკიმ საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები აუმოქმედა სახალხო დეპუტატს ფრაქციიდან „ოპოზიციური პარტია - სიცოცხლისთვის“ და მედვედჩუკის თანამებრძოლ ტარას კოზაკს.
მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა.


