
კალაძემ გამგებლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა
13/04/2022 07:54:11 პოლიტიკა, საზოგადოება
მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ გამგებლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა.
მან ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაღუპული ქალის ოჯახს მიუსამძიმრა.
„გუშინდელ ძლიერ ქარს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა მოყვა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის ტატიანა პავლოვას სიცოცხლე. მინდა, მის ოჯახს მივუსამძიმრო, ახლობლებს, მეგობრებს. მინდა, გამგებლებს და გამგეობებს მოვუწოდო, რომ მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო რეჟიმში მუშაობა გაგრძელდეს. 24 საათის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე გადიოდნენ ჩვენი სამსახურები და დღესაც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო ამ მიმართულებით, რათა ადამიანებს თანადგომა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: გუშინ ვარკეთილში ძლიერი ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ორ ქალს დაეცა, მათგან ერთ–ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. მეორე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.