პოდოლიაკი აღიარებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება ამჟამად ძალზე ძნელია
12/04/2022 17:01:42 მსოფლიო
რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ჯგუფის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა აღიარა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება ამჟამად ძალზე ძნელია.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება.
„მოკლედ რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობს. ონლაინ, სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ მიმდინარეობს. გასაგებია, რომ დღეს მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი რთულია. გასაგებია, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ფარგლებში. გასაგებია ასევე, რომ რუსეთის მხარე მიმართავს თავის ტრადიციულ ტაქტიკას - საჯარო ზეწოლას ახორციელებს მოლაპარაკებების პროცესზე, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებების ხარჯზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა". მისი თქმით, "უკრაინა თითქოს „დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს“.
"ჩვენ კვლავ დავბრუნდით ყველასთვის ჩიხურ სიტუაციაში. მართალია, მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა — ჯერ არ ვიცი, რა. მაგრამ ჯერ–ჯერობით, ფუნდამენტურ საკითხებში შეუსაბამობა გარკვეულ სირთულეებს ქმნის მოლაპარაკებების გზაზე ყველასთვის მისაღები საბოლოო შეთანხმებების მიღწევაში", – განაცხადა პუტინმა.


