Accentnews.ge
რუსეთში "აქცენტის" რუსული ვებგვერდი დაბლოკეს

რუსეთში "აქცენტის" რუსული ვებგვერდი დაბლოკეს

12/04/2022 14:06:06 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე “აქცენტის” რუსული ვებგვერდი დაბლოკეს. სააგენტოს რუსულემოვან ვერსიაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია “როსკომნადზორის” ვებგვერდზეა განთავსებული.

ანალოგიურად, “როსკომნადზორის” რეესტრის მიხედვით, წვდომა შეიზღუდა საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი გამოცემის - netgazeti-ს ვებგვერდზეც.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს “აქცენტმა” მიიღო “როსკომნადზორის” შეტყობინება “ინფორმაციის გავრცელების წესის დარღვევის” შესახებ, რომელიც, როგორც თანდართულ განმარტებაში იყო მითითებული, ეფუძნება რუსეთის გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის 28.03.2022 წლის № 27-31-2022/Ид4014-22 მოთხოვნას “საინფორმაციო რესურსებთან წვდომის შემზღუდავი ზომების თაობაზე”.

“ჰოსტინგის პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელიც აღნიშნული საინფორმაციო რესურსის ქსელ “ინტერნეტში” განთავსებას უზრუნველყოფს, ვალდებულია: 1) ამ შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინოს საინფორმაციო რესურსის მფლობელის ინფორმირება კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის აუცილებლობის შესახებ; 2) შეტყობინების მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში შეზღუდოს საინფორმაციო რესურსზე წვდომა მფლობელისგან უარის მიღების ან მისი უმოქმედობის შემთხვევაში" - ნათქვამი იყო რუსული უწყების შეტყობინებაში.

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის ტიპად” მასში მითითებული იყო “ცრუ ინფორმაცია ტერორიზმის აქტების შესახებმ ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სხვა ტიპის ინფორმაცია, გავრცელებული სანდო ინფორმაციის საფარქვეშ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ქონებას, ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, ან სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სატრანსპორტო ან სოციალური ინფრასტრუქტურის, საკრედიტო ორგანიზაციების, ენერგეტიკის, მრეწველობისა და ა.შ. ობიექტების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს".

“კანონდარღვევით გავრცელებული ინფორმაციის” აღწერაში კი მითითებული იყო შემდეგი: “საინფორმაციო მასალები, რომლებიც შეიცავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის, საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფორმის, ცოცხალი ძალის დანაკარგებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის თაობაზე. მსგავსმა პუბლიკაციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია, ასევე ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისთვის პირობების შექმნას".

"აქცენტს" რუსული უწყების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

რას ავალდებულებს „როსკომნადზორი“ მედიას

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო სათათბირომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ „მცდარი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო. „როსკომნადზორმა“ კი მედია დაავალდებულა, მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ცნობები გააზიაროს. ამასთანავე, მან აკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას სიტყვა „ომის“ გამოყენება.

ამის შემდეგ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთში 750-ზე მეტი რესურსი დაიბლოკა, უპირველესად - - დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. ქვეყანაში ასევე შეზღუდულია Facebook-ის, Instagram-ის, Google News-ისა და Twitter-ის მუშაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S