
ვოლსკი კვლევის შედეგებს, რომელიც მძიმე სოციალურ ყოფას ასახავს, საინფორმაციო ველს უკავშირებს
17/09/2019 08:56:43 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტის ვიცე–სპიკერის, მმართველი გუნდის ერთ–ერთ ლიდერ გია ვოლსკის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რაც ქვეყანაში იქმნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რეალური სურათი დადებულია იმ კვლევებში, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, საქმიანობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებულია და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.
„ჩვენი კვლევები ამბობს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მთავარი გამოწვევა დასაქმებაა. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, რასაც შენარჩუნება უნდა. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში წარადგენს არსებული ვითარების რადიკალურად გაუმჯობესების პროგრამას. სერიოზული პრობლემებია ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართულებით. ჩვენი კვლევებით, პოლიტიკური განწყობები საკმაოდ პოზიტიურია ქვეყნის სტრატეგიაზე, რაც ტარდება საგარეო კურსის მიმართულებით. რაც პრობლემაა, ხელისუფლება არათუ გრძნობს, პასუხისმგებლობას ითავისებს. უპასუხისმგებლო ხელისუფლება იმ პერიოდში გვყავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევაში ძირითადი აქცენტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზეა.
იხილეთ ასევე: რა ხელფასზეა თანახმა სამუშაოს მაძიებელთა უმრავლესობა
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა
კვლევა: ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა მოსახლეობის აღქმით