პუტინი უკრაინაში შეჭრის ფაქტს "სწორ გადაწყვეტილებას", ხოლო ომის მიზნებს "კეთილშობილურს" უწოდებს
12/04/2022 10:10:38 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრის ფაქტს "სწორ გადაწყვეტილებას", ხოლო ომის მიზნებს "კეთილშობილურს" უწოდებს. ამის შესახებ მან კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" სტუმრობისას განაცხადა.
"მიზნები აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილურია. ერთის მხრივ, ჩვენ ვეხმარებით ხალხს, მეორეს მხრივ კი უბრალოდ ვიღებთ ზომებს თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშკარაა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება", – განაცხადა, Reuters–ის ცნობით, პუტინმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,5 მილიონს გადააჭარბა.


