
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ მაგიდაზე პასუხის ყველა შესაძლო ვარიანტი დევს“ – ჰიპი მარიუპოლის ინციდენტზე საუბრობს
12/04/2022 07:49:37 ევროპა
ბრიტანეთი განიხილავს „პასუხის ყველა ვარიანტს“ თუ მარიუპოლში ქიმიური თავდასხმის შესახებ ცნობა დადასტურდება,– ამის შესახებ, Sky News–ის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ მაგიდაზე დევს ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ როგორ უპასუხებს დასავლეთი“, - აღნიშნა მდივნის მოადგილემ.
მისი თქმით, ჯერ–ჯერობით ბრიტანეთის მთავრობამ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება „ვერ შეძლო“:
„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ამ ნივთების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით: დაწყებული ცრემლსადენი გაზიდან, დამთავრებული აბსოლუტურად დესტრუქციული ლეტალური ქიმიური იარაღის სისტემებით.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ არის რაღაცეები, რაც ყველა საზღვარს სცდება. ქიმიური იარაღის გამოყენებას პასუხი მოჰყვება და არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პასუხი“.
შეგახსენებთ, რომ წუხელ „ზოვის“ ბატალიონმა მარიუპოლში ოკუპანტების მიერ გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ გაავცელა ცნობა.
ბატალიონის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი:
„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს“.
მანამდე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში ფოსფორის იარაღს იყენებდა და შესაძლოა, ეს მარიუპოლშიც გამოიყენოს.
ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხს ბრიტანეთი და აშშ სწავლობენ.
დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ ფოსფორის იარაღი იქნა გამოყენებული, თუმცა ოფიციალური ანგარიში მოაგვიანებით გამოქვეყნდება.