
„ათასზე მეტი სამოქალაქო პირი რუსულ ციხეებში იმყოფება" – ირინა ვერეშუკი
11/04/2022 20:17:41 ევროპა
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ ციხეებში, რომელთაც ამ დროისთვის რუსები აკონტროლებენ, 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება.
„ათასზე მეტი სამოქალაქო პირი რუსულ ციხეებში იმყოფება. ჩვენი 700 სამხედრო იმყოფება რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებისა და ყირიმის ციხეებში“, – განაცხადა ვერეშუკმა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველაზე მეტად მას ქალების ბედი აღელვებს, რადგან რუსეთის ძალების მიერ დაპატიმრებულებს შორის 500-ზე მეტი ქალია.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი რჩება.
„მანამდე იყო საევაკუაციო მატარებლები და ხალხი მათ იყენებდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მარიუპოლში იმყოფებოდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას არ შეეძლო მატარებლის გამოყენება. თუმცა, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილენკომ გაუწია საევაკუაციო მატარებლების ორგანიზებას და მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის დატოვება შეძლო, მაგრამ ამ დრომდე, როგორც ვიცი, გამოსვლას ვერ ახერხებს 100 ათასი ადამიანი. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – აღნიშნა ირინა ვერეშუკმა.