
„რუსებმა მარიუპოლში უცნობი შხამი გამოიყენეს“ – „აზოვი“
11/04/2022 19:38:32 ევროპა
ოკუპანტებმა მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება გამიყენეს,– იუწყება „აზოვის“ ბატალიონი.
მათივე ცნობით, ნივთიერება დაახლოებით ერთი საათის წინ იქნა გამოყენებული და დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს“.
უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.
მანამდე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში ფოსფორის იარაღს იყენებდა და შესაძლოა, ეს მარიუპოლშიც გამოიყენოს.
უწყების ცნობით, მარიუპოლისთვის ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება, რაც ზრდის რუსეთის მხრიდან ფოსფორის იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.