
„ეს პოლიტიკურ "სიგნალს" ჰგავს“: სერბეთი რუსულ სამხედრო ტექნოლოგიას ეთიშება?
11/04/2022 16:29:07 ევროპა, მსოფლიო
სერბეთი საფრანგეთისგან მრავალფუნქციური გამანადგურებლების Rafale-ის შეძენას აპირებს. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას ფრანგული მედია იუწყებოდა, თუმცა შემდეგ განზრახვა სერბეთის ლიდერმაც დაადასტურა.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს წლის განმავლობაში 12 ახალი თვითმფრინავის შეძენაზე და ასევე განვიხილავთ სხვა ქვეყნიდან კიდევ 12 გამოყენებული (დასავლური) თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობას“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, თუმცა გამოყენებული თვითმფრინავის ტიპი არ დაუკონკრეტებია.
თემის კომენტირებისას ბელგრადის საგარეო პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელმა, ნატო–ს ყოფილმა სამხედრო ატაშემ მილან კარაგაჩამ განაცხადა, რომ ეს "პოლიტიკურ "სიგნალს" ჰგავს":
”ის ფაქტი, რომ თვითმფრინავები საფრანგეთის მიერ არის წარმოებული, შეიძლება, მიუთითებდეს, რომ სერბეთი ეთიშება რუსულ სამხედრო ტექნოლოგიას... ეს პოლიტიკურად „სიგნალს“ ჰგავს ევროკავშირთან მიახლოების თაობაზე“.
სერბეთმა 2019 წელს შეიძინა ფრანგული რაკეტები, ხოლო 2016 წელს Airbus-ის ვერტმფრენები.
ამასთან, სერბეთმა დაადასტურა განზრახვა, შეიძინოს თურქული Bayraktar–ებიქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად ბალკანეთში დაძაბულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
სერბეთის არმია ძირითადად ეფუძნება საბჭოთა წარმოების ტექნიკას: ფლობს საბრძოლო თვითმფრინავებს MiG-29 და შვეულმფრენებს Mi-35M, ხოლო და მისი საჰაერო თავდაცვა ძირითადად შედგება რუსული სარაკეტო სისტემებისა და რადარებისგან. სერბეთის სახმელეთო ჯარები ასევე იყენებენ საბჭოთა T-72 ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს.
უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე სერბეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ გააგრძელებენ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა იმავდროულად, არ "შეწყვეტენ მეგობრობას რუსეთთან".