
უნგრეთი აცხადებს, რომ იპოვა რუსული გაზის საფასურის ევროკავშირის სანქციების დარღვევის გარეშე გადახდის საშუალება
11/04/2022 15:43:54 ევროპა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში კონვერტირდება,– ამის შესახებ მან ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება საბანკო პროცედურა, რომლის დეტალები უკვე დამუშავებულია შვილობილი კომპანია MVM CEEnergy ZRt-ის და „გაზპრომექსპორტის“ მიერ.
პროცედურის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნგრული მხარე „გაზპრომბანკში“ გახსნის ორ ანგარიშს: ერთს ევროში, მეორეს კი რუბლებში. გადახდა განხორციელდება ევროში, რომელსაც CEEnergy გადასცემს „გაზპრომბანკს“, რომელიც შემდეგ თანხას რუბლებში კონვერტირებას მოახდენს და გადასცემს „გაზპრომექსპორტს“.
„ეს გადაწყვეტილება არ არღვევს სანქციებს“,– განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, დაემორჩილოს რუსეთის მოთხოვნას, გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდის თაობაზე, განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს განაცხადა, რომ თუ უნგრეთი რუსული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლებში გადაიხდის, ეს დაარღვევს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.