Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ"

ზურაბიშვილი: "ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ"

11/04/2022 14:23:00 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კითხვარი გადაცემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამას უკრაინას და მის ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ, არ ველოდით რამდენიმე წელი. თუ კარგად გამოგვივიდა, ეს არის არაჩვეულებრივი, ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ცხადია, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას – ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს. მაგრამ კიდევ უფრო, ალბათ, უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად. როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ ვერ იტყოდა.

ევროკავშირმა გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვიტა აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში როცა ვიყავი და რაც მერე გადავიდა რეალობაში. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კითხვარი გადასცა.

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S