
"ქართულმა ოცნებამ" ვასილ მაღლაფერიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა
11/04/2022 13:18:55 საზოგადოება
მმართველმა პარტიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრად ყოფილი თანაგუნდელი და ამავე არხის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე დაასახელა. პარლამენტისთვის მიწერილ წერილს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აწერს ხელს.
ვასილ მაღლაფერიძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "ქართული ოცნების" მოქმედი ხელისუფლების დროს თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რამდენიმე თვეში მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა.
მაღლაფერიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა 2020 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა. მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, არ დასმულიყო კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ", - განაცხადა მან.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ კანდიდატი დაასახელა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. იგი ლაშა ტუღუშს წარადგენს.
ამ ეტაპზე "საზოგადოებრივ მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში სულ სამი ვაკანტური თანამდებობაა. მესამე კანდიდატს საპარლამენტო ოპოზიცია ასახელებს. კანდიდატის მეურვედ დასამტკიცებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.