
ჩეხეთის შემდეგ NATO-ს კიდევ ერთი ქვეყანა გადასცემს უკრაინას ტანკებს
11/04/2022 13:14:06 ევროპა
გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall მზადაა, უკრაინას საბრძოლო ტანკები „Leopard 1“ მიაწოდოს,– იუწყება Spiegel.
„Leopard 1-ის პირველი მიწოდება შესაძლებელია ექვს კვირაში“, - განაცხადა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა.
ასეთი გადაცემის წინაპირობაა გერმანიის ფედერალური მთავრობის თანხმობა.
როგორც პაპერგერმა განაცხადა, კომპანიას უკრაინისთვის 50 ერთეული Leopard 1-ის მიწოდება შეუძლია.
მისი თქმით, ამჟამად ტექნიკა მოწმდება.
როგორც პაპერგერმა აღნიშნა, აღნიშნული ტექნიკის მართვის შესწავლა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი და აქ მთავარი პირობაა, რომ გაწვრთნილ სამხედროებთან ჰქონდეთ საქმე.
დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
"ერთი რამ ცხადია: უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო აქტივები, განსაკუთრებით მძიმე იარაღი. ახლა თავის მართლების დრო არაა. ჩვენ გვჭირდება კრეატიულობა და პრაგმატიზმი, რომ ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინას მძიმე იარაღით", - თქვა ბურბოკმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ და დასძინა, რომ „არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ“.
NATO-ს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ტანკები გაუგზავნა, ჩეხეთი იყო.