
კრემლი ამჯერად ფინეთისა და შვედეთის გამო იმუქრება
11/04/2022 12:10:35 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნატო–ში გაწევრიანების შესახებ შვედეთისა და ფინეთის ზრახვები ევროპას უსაფრთხოებას არ მოუტანს.
„თავისთავად ალიანსი არის კონფლიქტის გამძაფრების ინსტრუმენტი. ეს არ არის ის ალიანსი, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ალიანსის შემდგომი გაფართოება არ მოუტანს დამატებით უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტს“, - ციტირებს რუსული მედია პესკოვს.
კრემლი „საპასუხო ზომებით“ მანამდეც იმუქრებოდა.
ცნობისთვის: The Times ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო საუბრის თემა და გაიმართა მრვალჯერადი სესიები გასულ კვირს, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. ამ შეხვედრებს შვედეთი და ფინეთიც ესწრეობდნენ.
გამოცემის ცნობით, ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, მას მიჰყვება შვედეთიც.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთში ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა (სექტემბერში 25% უჭერდა მხარს, სადღეისოდ – 62%).
ტრადიციულად, ფინელ ოფიცრებს შორის ალიანსში გაწევრიანების იდეის მხარდაჭერის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ზოგადად ქვეყანაში, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება შეიცვალა. წინა გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2021 წლის ნოემბერში ჩატარდა, ნატო–ს წევრობისადმი მხარდაჭერა ფინელი ოფიცრების 65%-მა დააფიქსირა. ხოლო ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ იდეას უკვე მხარს ოფიცრების 91% უჭერს.
ამასთან, გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება ნატო–ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა.
„უკრაინის ომის გამო მოსალოდნელი იყო, რომ ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერა გაიზრდებოდა. თუმცა, წინა გამოკითხვებშიც რუსული საფრთხე ყველაზე დიდ გამოწვევად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ოფიცრები უფრო სამხედრო ოპერაციებზე ფიქრობენ, ვიდრე პოლიტიკაზე“, - განაცხადა ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლეიტენანტმა პოლ ვიტამ.