რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "ევროპული ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გავანადგურეთ"
11/04/2022 08:34:07 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ევროპული ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურეს, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, განადგურებულია 4 ზემოთხსენებული სისტემა, რომელიც "უკრაინის ქალაქ დნიპროს გარეუბანში იყო დამალული".
როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის უწყება არ კონკრეტებს რომელ ევროპულ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინისთვის S-300–ების გაგზავნის თაობაზე სლოვაკეთმა განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის და დასავლეთის განცხადებით, ამჟამად რუსეთი დონბასის ასაღებად ემზადება.
განახლება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 განადგურდა.
"სლოვაკეთი კატეგორიულად უარყოფს რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში S-300 თავდაცვითი სისტემა განადგურდა. ეს არის სიცრუე. ოფიციალურად დადასტურებულია უკრაინის მიერ", - წერს ჰეგერი „ტვიტერზე“.


