
პირველადი შედეგების მიხედვით, ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
11/04/2022 06:36:39 კონფლიქტები
პირველადი შედეგების მიხედვით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტურში იგი პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერ ალან გაგლოევს დაუპირისპირდება.
"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია მეორე ტურში გასვლა ალან გაგლოევთან. არჩევანი ხალხზეა. ვისაც ხალხი მისცემს ხმას, ის იქნება "პრეზიდენტი“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
ვინ არის ალან გაგლოევი
ალან გაგლოევი - 1981 წელს არის დაბადებული. იგი პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად ოკუპირებული რეგიონის „კაგებეში“ მუშაობდა და მოგვიანებით, ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით, ჯაბიევის ცოლმა ოქსანა სოტიევამ შექმნა ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა.
ვინ გმობს დე ფაქტო არჩევნებს
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნები დანარჩენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოლდოვამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, გერმანიამ, უკრაინამ, ფინეთმა, აზერბაჯანმა, ესტონეთმა, ჩეხეთმა, საქართველოში აშშ–ის საელჩომ, საქაღთველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ დაგმეს.