2022 წელს უკრაინის ეკონომიკა შესაძლოა, 45%-ით შემცირდეს
11/04/2022 05:56:38 მსოფლიო
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა წელთან შედარებით, შესაძლოა, 45.1%-ით შემცირდეს. მისი ცნობით, ეკონომიკის შემცირების მასშტაბი ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება რუსეთს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსული ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია. არსებული პროგნოზით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 11.2%-ით შემცირდება.
მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დარტყმაა მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის. ამასთან, განსაკუთრებით დაზარალდებიან ევროპის განვითარებადი ქვეყნები და ცენტრალური აზია.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს რეგიონის ეკონომიკა 4.1%-ით შემცირდება. ამ რეგიონში შედის საქართველოც. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის თავდაპირველი პროგნოზი, 5.5% შეამცირა 2.5%-მდე.


