
ინციდენტი ყირგიზეთ – ტაჯიკეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი
17/09/2019 05:05:45 სხვა, მსოფლიო
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა, 10-მდე ადამიანი კი დაშავდა. ინციდენტი სოფელ მაკსატის რაიონში მოხდა.
მხარეები ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორც ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, ინციდენტის დაწყების მიზეზი ტაჯიკეთის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მშენებლობის დაწყება გახდა. თავის მხრივ ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ყირგიზულმა მხარემ სპორტული მოედნის ტერიტორიაზე დაუდგენელი ნაგებობის აღმართვა დაიწყო. როგორც ცნობილია, საზღვარი საფეხბურთო მოედანზე გადის.
გავრცელებული ცნობით, ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი ნაღმმტყორცნიდან გახსნეს. ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, მათ შორის ექვსი სამხედროა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს.
ივლისში ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარების დაძაბულობის გამო ყირგიზეთის სოფელ აკსაიდან 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შეიარაღებული დაპირისპირების დროს მაშინ დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი.
ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს 970 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, თუმცა აქედან შეთანხმებული დაახლოებით 519 კილომეტრია.