
ოკუპანტები ხარკოვში ბომბებს პარაშუტით ყრიან – ქალაქის მერი
10/04/2022 10:30:23 ევროპა
უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა გასული 2 დღის განმავლობაში ქალაქის მასიური დაბომბვის დროს ბომბები პარაშუტით ჩამოყარეს.
მერმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მსგავს პარაშუტებს და მათ შესახებ სამაშველო სამსახურს აცნობონ.
ამასთან, სატელიტურმა ფოტოებმა აღბეჭდა რუსების სამხედრო კოლონა, რომელიც ხარკივისკენ მიემართება.
CNN-ის ცნობით, ფოტოები 8 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ველიკი ბურლუკ-შია გადაღებული. ქალაქი ხარკივს აღმოსავლეთით ესაზღვრება.
კოლონის სიგრძე 12 კილომეტრია.
ფოტოებზე ჩანს ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და დამხმარე აღჭურვილობა.
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით რუსულ ჯართან დიდი ბრძოლები და რუსეთის მხრიდან დაბომბვებია მოსალოდნელი.
8 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის უფროსმა CNN-ს უთხრა, რომ რუსულ ჯარში გადაჯგუფებები მიმდინარეობს - ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ინაცვლებენ და ხარკივზე შეტევას გეგმავენ. მათივე განცხადებით, მთელი რუსული არმიის ფოკუსი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე გადავა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ ბომბავს ქვეყნის ქალაქებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. ხოლო უკრაინის დედაქალაქის ახლომდებარე ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ ნანახმა კადრებმა მსოფლიო შეაძრწუნა: მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. მათ შორის არიან ნაწამები ქალები და ბავშვები. მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.